მოგზაურობა ყავის გარშემო - იტალია (ნაწილი 4)

ძალიან მიყვარს აჭარის შემაღლებული კალთებიდან დანახული შავი ზღვის სანაპირო, ნისლში გახვეული მარადმწვანე მთები, სუბტროპიკული სამოთხე, რომელიც შავ ზღვას რაღაც განსაკუთრებული იდუმალებით გადმოჰყურებს. სხვა ზღვებთან და სხვა სანაპიროებთან შედარებით, აქ განსხვავებული მუხტი ტრიალებს, ჰაერსაც კი სხვანაირი გემო აქვს. ალბათ ეს შეგრძნებები რამდენადაც პირადია, იმდენად პარადოქსულად ჟღერს და ჩემს შემთხვევაში კი უმეტესწილად ბავშვობის დროინდელ მოგონებებთანაა დაკავშირებული.

ვუყურებდი, თუ როგორ ესვენებოდა ფორთოხლისფერი მზე ფირუზისფერ ხმელთაშუა ზღვაში და მაინც, მამაპაპისეულ ხავერდოვან სანაპიროებზე მეფიქრებოდა. ზოგადად არ ვარ სენტიმენტალური, არც ნოსტალგიისა ვიცი რამე, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩემ და უნებურად ამ გრძნობებს თავს ვერ ვარიდებ და ვეფლობი იმ მოგონებებში, რომლებმაც აქამდე მომიყვანეს. სწორედ ესე, თვალის დახამხამებაში მომიყვანეს ჩემმა ტკბილმა მოგონებებმა აეროპორტიდან სასტუმროში. ემოციებისგან დაცლილს, ჯერ ვერც კი ვაანალიზებდი, რომ არა წვიმიან ლონდონში, არც ქაოსურ ამსტერდამში, არამედ მზიანი იტალიის გულში - ბოლონიაში მელოდა ჩემი მოგზაურობის დასრულება.

ზოგადად სადმე, რომ მივდივარ, რაღაც იდიოტობა არ გადამხდეს თავს გამორიცხულია. ერთი სული მქონდა დამეყარა ბარგი და დამედო თავი ბალიშზე, რა დროსაც სასტუმროს გამცილებელმა ჯერ იტალიურ-ინგლისურად მითხრა, მერე, რომ მიხვდა ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდა უკვე ხელები და ფეხებიც ჩართო მოქმედებაში და უნდა გენახათ, როგორ მიხსნიდა აკრობატულად, რომ სასტუმრო, რომელიც მე მქონდა დაჯავშნილი ქალაქის მეორე ბოლოში იყო და არასწორ მისამართზე ვიმყოფებოდი. გაწბილებულმა ავიღე ჩემი ორი კინკილა ბარგი და გავემართე ნანატრი სასტუმროსკენ, უკვე ქალაქის მეორე ბოლოში.

Specialty coffee

ტიპური იტალიური ქალაქი. ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურის უნაკლო ნაზავი, რომელიც შუა საუკუნეების დროინდელ თაღებში, სკვერებში და არნახულად შემონახულ შენობებში იკითხება. უცნაური შეგრძნებაა, ყველა კუთხესა და კუნჭულს რაღაც განსაკუთრებული ისტორია ახლავს. ხალხიც ტიპური სამხრეთელები, თბილი, პირდაპირი და ხასიათიანი, ერთი შეხედვით ჰარმონიულად უხდება ბოლონიელი ბოლონიას. ქუჩებში მოძრაობა, რა თქმა უნდა, ქაოსური, რაღაცით თბილისსაც კი წააგავს. ლონდონთან და ამსტერდამთან შედარებით ყველაფერი, საკვებიდან დაწყებული ტრანსპორტით დამთავრებული, იაფია. საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა ამ ქალაქმა ჩემზე. ერთადერთი ჩემი უკმაყოფილების მიზეზი ყავაა. იმისდა მიუხედავად, რომ იტალია ყავის ინდუსტრიით ცნობილი მოწინავე ქვეყანაა, დიდად კარგი  ყავა აქვთ-მეთქი, რომ გითხრათ მოგატყუებთ. ძირითადად საშუალო ხარისხის კომერციულ ყავას ვხვდებით, სფეშიალთი ყავა კი, სანთლით საძებარია. მაგრამ, ინსპექტორი პუარო რაის გამომძიებელია, რომ ყნოსვით არ მიაგნოს, ამ შემთხვევაში უდანაშაულო, მაგრამ საოცრად არომატულ მარცვლებს! დიახ, მივაგენი სამოთხეს, ერთ პატარა და მყუდრო ბარს, რომლის ეგზოტიკურ ქვეყანათა დროშებით აჭრელებული კედლები ერთგვარი ყავის მაძებართა ელ დორადოა! გვატემალა, ჰონდურასი, კოლუმბია, ბრაზილია, პანამა და რა ვიცი, რა არ ვნახე და რა არ გავსინჯე! საოცარი არომატები და გამაოგნებელი, ფორთოხლის, გრეიფრუტის და კენკრის არომატები, არეული ბალახის ექსტრავაგანტულ არომატებთან ერთად! ვინც იცის, რაზე ვლაპარაკობ, კი მიხვდება, რას ნიშნავს სწორი არომატი და დახვეწილი გემო ჩვენნაირი ადამიანებისთვის!

BELFORTE DEL CHIENTI! სიმართლე რომ გითხრათ ჩემი მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ პატარა იტალიურ სოფელს უკავშირდება. ბოლონიიდან არც თუ ისე შორს, პატარა გორაკზე გაშენებული შუა საუკუნეების დროინდელი დასახლება. აქ დრო თითქოსდა ჯვაროსნების  იერუსალიმზე ბოლო  გალაშქრების შემდგომ შეჩერებულა და სალადინის დამარცხებას ელოდებიან უბერებელი ციხის კედლები და ობობის ქსელში გახვეული კათოლიკური ეკლესიის უზარმაზარი ზარები. ისტორიის მიმართ დიდი ინტერესისა და პატივისცემის მიუხედავად, მხოლოდ ყავას უკავშირდება ჩემი აქ სტუმრობა; ამ დროისგან მიტოვებულ ადგილს,  მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული ყავის აპარატების - „ვიქტორია არდუინოს“ ქარხანა თუ მისცემს თანამედროვეობის ელფერს. ვინც არ იცის, „ვიქტორია არდუინო“ ეს არის მსოფლიოში უკონკურენტო,უმაღლესი ხარისხის ერთადერთი გრავიმეტრული აპარატი, რომელიც 1 გრამის სიზუსტით აკონტროლებს ყავის რეცეპტს და ამ აპარატის წყალობით შესაძლებელია ერთი და იმავე მარცვლით მომზადებული ესპრესო გავაკეთოთ ისე,რომ მივიღოთ 200-მდე სხვადასხვა გემო,რის საშუალებასაც გვაძლევს T3 ტექნოლოგია. ეს ყველაფერი დაპატენტებული აქვს ამ კომპანიას.

ქარხანაში სტუმრობა რამდენიმე საათს გაგრძელდა და შევიძინე ცოდნა, რაზეც ნებისმიერი ბარისტა იოცნებებდა. დავშალეთ და ავაწყვეთ აპარატის რამდენიმე მოდელი,გავიარეთ ათასნაირი ყავის რეცეპტის ვარიანტი, ვატარეთ ექსპერიმენტები, გვქონდა ამსტერდამიდან წამოღებული სფეშიალთი ყავების ბრმა დეგუსტაცია ულტრაწითელ კაბინაში, სადაც სპეციალური ფანჯრიდან მაწვდიდნენ სხვადასხვა ყავებს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მეთქვა არომატები და ყავის სახეობა; ესე დიდი ხანია არ მიხალისია.

მოვდიოდი საქართველოში და მომქონდა ჩემთვის ყველაზე ფასეული, ცოდნა, რომელიც დარწმუნებული ვარ მრავალი ყავის მოყვარულისთვის ინოვაციაა. სხვადასხვა ყავებით გაჯერებულს, არ ვიცი, რა დამაძინებს მოსალოდნელი ერთი კვირის განმავლობაში და ერთადერთი, რაც მახარებს, ისტორიასთან ერთად გაჩერებული, მრავალფეროვანი ყავით სავსე ზურგჩანთაა.

ვიცი, ეს ყავაც მალე დამიმთავრდება, მაგრამ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ მოგზაურობამ შემძინა, ერთი თბილისური პატარა კაფისთვის საკმარისი იქნება. თქვენ კი, ვისაც გსურთ გასინჯოთ,  საუკეთესო თუ არა, საუკეთესო საუკეთესოთა შორის მაინც, მარჯანიშვილი 8 არის, იყო და იქნება, მისი კარები ღამ-ღამობით ხანდახან კი დაკეტილია, მაგრამ მე  იქვე სადმე ვიტრიალებ აჩრდილივით, რათა შევქმნა არომატები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე დაგამახსოვრდებათ!