wqrqwr

მთელი ღამე ვწრიალებდი, ვერ ვისვენებდი, ხან ერთ ბეჭს ვეყრდნობოდი, ხანაც მეორეს, ვდგებოდი, ბოლთას ვცემდი, მივდიოდი სარკესთან, სახის ნაკვთებს ვავარჯიშებდი, ვცდილობდი ნამდვილი ინგლისური ლორდთა გამომეტყველება, კითხვა-პასუხი დამემუღამებინა, ბაბუაჩემის ნაქონ, ხმარებაში გაცვეთილ შავ ქოლგას მოუხერხებლად ვატრიალებდი...მე, ხომ სულ რაღაც რამოდენიმე საათში ლონდონში მივფრინავ! მაგრამ ყოველი სარკეში ჩახედვის შემდეგ ირონიული ღიმილი მეპარებოდა ბაგეზე, როგორც არ უნდა დავმანჭულიყავი, როგორი ინტონაციითაც არ უნდა წარმომეთქვა „good morning sir!, “So delicious”! “It’s amazing!, მაინც იმ ბიჭის ანარეკლს ვხედავდი, რომელიც თითქმის ყოველი დილის მთვლემარე ალიონზე უეცრად მეცხადება და მისი კავკასიური სახის ნაკვთებში საკუთარ თავს ამოვიკითხავ ხოლმე.
ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრი ქალაქი მინახავს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობაა ჩემს ცხოვრებაში. რას წარმოვიდგენდი თუნდაც 2 წლის წინ, რომ ჩემი აწმყო და მომავალი ყავის მარცვლებთან იქნებოდა დაკავშირებული და ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის მთავარი ბარისტა გავხდებოდი. ალბათ ყველაზე ეპატაჟურ სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა, რომ, სოსო მაისურაძე - ერთი უბრალო თბილისელი ბიჭი, ყავის წარმომავლობას, ხარისხს, არომატების ნაირსახეობას, მოხალვის მეთოდს, იმ გენიალური კოლუმბიელი ალქიმიკოსივით თვალდახუჭული, უბრალოდ მარცვლის ცხვირთან მიტანით და იმ განუმეორებელი სუნის შეყნოსვით შეიგრძნობდა და იტყოდა: „ეს კოლუმბიური არაბიკაა სერ, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, რომ იზრდება, ათასობით წლის წინანდელ ინდიელთა ნასახლარებს ამაყად რომ გადმოჰყურებს, მისი განუმეორებელი ნაყოფი კოლუმბიიდან სპილოს ძვლის სანაპიროებს და ეთიოპიის დაბლობს ალმაცერად შეჰყურებს და შემდეგ უეცრად ლონდონში ხვდება, ერთ-ერთ გამორჩეულ სახალავ სახლში იხალება და „გამორჩეული ყავების თაროზე“ საამაყო ადგილი, რომ უკავია.“ მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი მიწვალია ან თავდაუღალავად მიშრომია, სკოლაში ხუთიანებზე ვსწავლობდი ან შატალოზე არ წავსულვარ-თქო, მაგრამ რაც მაინტერესებს და საითქკენაც გული და გონება მიმაქანებს, აღვიქვამ, როგორც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. არ გაგიკვირდებათ და ჩემი თავი და ჩემი ცხოვრების ყველა ნაწილი კი ძალიან მიყვარს, რაღაცეებს ვნანობ, მაგრამ ჩემს განვლილ ცხოვრებას მაინც დადებითად ვაფასებ 
სულ რამოდენიმე საათში გეზს ავიღებ ლონდონისკენ, ლონდონიდან ამსტერდამში, ამსტერდამიდან კი იტალიის პატარა, სუბტროპიკულ ქალაქებს მოვივლი, ჩამოვიტან შეძენილ ცოდნას ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ვიამაყებ საკუთარი ცოდნით, როგორც მილიარდელი სომელიეები ამაყობენ საკუთარი ღვინის დაგემოვნებისას, მაღლა აპრეხილ ულვაშებს, რომ ეთამაშებიან და ირონიული ტონით გეუბნებიან ვენახიდან 100 კილომეტრში მაყვალი იზრდებოდა თუ მჟავე ზეთის ხილი. ეს ხუმრობით და შეატყობდით თქვენც, ცოტა ვნერვიულობ, განვიცდი, რომ ცოლსა და ჩემს პატარა შვილს მარტო ვტოვებ, მაგრამ იმ იმედით მივდივარ, რომ ჩემს გაცვეთილს და არც თუ ისე ბანალურ ოცნებებს ფრთები შევასხა, რომლებიც ზუსტადაც რომ მათთან არის დაკავშირებული.
წარმატებები მისურვეთ! მე კი რამდენიმე დღეში დაგიბრუნდებით... რა თქმა უნდა, საინტერესო ისტორიებით! ჩაო!!!