მოგზაურობა ყავის გარშემო - ამსტერდამი (ნაწილი 3)

დილის მადლი გფარავდეთ ყველას! - ჩემთვის დილა ყავით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ ვაღიარებ მზის ამოსვლას და სხვა ყველაფერს! სწორედ ეს მადლიანი სასმელია, რომელიც სტიმულს მმატებს და თავში ფიქრებს გეომეტრიული სიზუსტით მილაგებს, მუსიკა და სწორი ფლეილისტი კი, შესაფერის განწყობაზე მაყენებს; ერთი ჭიქა ორმაგი ესპრესო, მერვინ გეი და 15 ევროდ ნაქირავები დაუზეთავი ველოსიპედი, რომელიც პედლის ყოველ დატრიალებაზე ისეთ ხმებს გამოსცემს, რომ სახანძრო მანქანისგამაყრუებელი სირენის ფონზე, კიბეზე ამხედრებული მეხანძრე მგონია თავი, რაღაც ავის მომასწავებელ ატმოსფეროს, რომ ქმნის. ასე დაიწყო ჩემთვის განსაკუთრებული, ხოლო ამსტერდამისთვის ერთი ჩვეულებრივი დილა.  ხმაურიანად მივუყვებოდი ამსტერდამის ვიწრო ქუჩებს, რომელთა სახელების წარმოთქმაზეც სახის ყველა კუნთს ვჭიმავდი, მაგრამ ამაოდ. წინ ბარისტების მსოფლიო ჩემპიონატიდა ყავის გამოფენა მელოდა;

სამოთხე ყველა ადამიანისთვის პირობითია; თუნდაც ავიღოთ ვაშლი, რომელმაც წუთისოფლის მომავალი განსაზღვრა, გვიწოდა ჩვენ ადამი(ს)ანი და პირობითად აღნიშნავს აკრძალულ ნეტარებას. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ აკრძალულისადმი ლტოლვა ადამიანის ცხოველური ინსტიქტივითაა, რომელიც გენეტიკურად ყველას, მიუხედავად მისი კანის ფერისა, სქესისა თუ წარმომავლობისა შთამომავლობით გადმოგვეცემა. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ და თავს მოგახვიოთ ფილოსოფიური ნაცოდვილარი, ჩემთვის სამოთხე სწორედ ყავასთან არის ასოცირებული და ამსტერდამში, მსოფლიო სფეშიალთი ყავის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყავის გამოფენაზე პატარა პერსონალური სამოთხე ვიპოვე; უზარმაზარი სივრცე, რომელშიც მსოფლიოში არსებული უიშვიათესი და საუკეთესო ყავის მარცვლები იყო წარმოდგენილი. დავდიოდი და ამ სანახაობით გაბრუებულს ვერავის ვამჩნევდი ჩემ გარშემო. ვიმოგზაურე სუმატრაზე, ინდონეზიის არქიპელაგში, ფილიპინებში და აღმოსავლეთ ტიმორში, ვნახე ეთიოპია და კოტ დივუარის დაბლობი, სალვადორი და ჰავაი, იამაიკის ლურჯი მთები, პანამა და თუნდაც წყნარი ოკეანიის მიკრო კუნძულები; დავდიოდი და ვსინჯავდი, ვსინჯავდი და დავდიოდი; გეახელით უიშვიათესი ყავის სახეობებს, რასაც ალბათ ვერასდროს ვინატრებდი.

ყავით დამუხტული და თვალებგაფართოებული, სტუმრებთან მივდიოდი, ვეცნობოდი, ვუზიარებდი აზრებს, რომლებიც იმ მომენტში ჩემს თავში ერთბაშად, ქარბორბალასავით ტრიალებდა და არ მაძლევდა მოსვენებას. გავიცანი  ყავაზე შეყვარებული უამრავი ადამიანი,  ჩემსავით, ერთი ამოსუნთქვით  რომ ცდილობდნენ აეთვისებინათ საგამოფენო დარბაზში არსებული ინფორმაციის უკვდავი ნაკადი. მოკლედ, რომ გითხრათ, ცხოვრებაში ასეთი კმაყოფილი არსდროს ვყოფილვარ.

ყავის საერთაშორისო გამოფენა ბარისტების მსოფლიო ჩემპიონატით და ყველაზე მოულოდნელი დასასრული ჰპოვა. გაიმარჯვა პოლონელმა გოგონამ, რომელსაც ალბათ ბუკმეიკერი, რომ ვყოფილიყავი ყველაზე მაღალ კოეფიციენტს მივცემდი ( იგივეა თბილისის დინამომ რეალ მადრიდს ან ბარსელონას, რომ მოუგოს J ). მინდოდა ამ ისტორიულ მომენტში სურათი გადამეღო მასთან, მაგრამ ჟურნალისტების ბრბოს გარღვევა შეუძლებელი მისია აღმოჩნდა და მინდა შორიდან მივულოცო გამარჯვება ჩვენს პოლონელ მეგობარს!

ესე სრულდებოდა ჩემი მოგზაურობა ამსტერდამში. დღითი დღე ვხვდებოდი, რომ ყოველმა გადატანილმა წამმა თუ თავგადასავალმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ცოტათი მოწყენილი და ცოტაც აფორიაქებული, ერთი რაღაც კი კარგად მესმოდა, ყველაფერი წინ იყო, მე ხომ თავბრუდამხვევი იტალია მელოდა ამ უაღრესად საინტერესო მოგზაურობის დასასრულს.