მოგზაურობა ყავის გარშემო - Amsterdam (ნაწილი 3)

კვირა დღემ ჩვეულ რიტმში ჩაიარა. რა თქმა უნდა, არ გამიმართლა და მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა. მაგრამ ვაი, რომ არც ლონდონმა, არც მისმა უბედურმა ამინდმა და არც სასტუმროს მოწყენილმა რეგისტრატორმა იცოდა, რომ ჩემი გული და გონება უკვე სხვა ქალაქს ეკუთვნოდა; მსუბუქად ვისაუზმე, ერთი ცალი ნახევრად მოხარშული კვერცხი, გახუხულ პურზე სიჩქარისგან უსწორმასწოროდ მოთხუპნული კარაქი და მარმაიტი გეახელით (ნამდვილი ინგლისური საუზმე), ცალ ხელში ყავით,  და მეორეში კი,ბაბუაჩემის აწ უკვე ხსენებული ნაომარი ქოლგით, ჩემი მისიონერული მოგზაურობის  ერთი ეტაპის  წარმატებით ჩამთავრებისკენ გავემართე. 

მინდოდა ველოსიპედით მომეარა ქალაქი და ორ ბორბალზე ამხედრებულს,  სულ სხვა თვალით დამენახა და სულ სხვა გონებით ამეტაცებინა ლონდონის ისტორიისაგან გაცვეთილი, დამძიმებული ქუჩები, მაგრამ ვეებერთელა წვიმის წვეთები ისეთი სიმძიმით და სიხშირით მიწევენენ წინააღმდეგობას, რომ მომენტალურად დავნებდი და ტრადიციულად წითელ ავტობუსს მოვახტი.

არა რა, დიდ ქალაქებში ცხოვრება - That’s not mine. სანამ დანიშნულების ადგილამდე მივაღწიე, ნახევარი ცხოვრება, შიმშილი, სიცივე, არეულობა, ტკივილი, რა არ გამოვიარე; Catalyst-ში მისულმა, ღონემიხდილმა,  კარი ბეჭზე მოვიგდე და ისეთი ძალით შევანგრიე, რომ მომენტალურად ვიგრძენი საზოგადოების უხერხული მზერა; არ შევიმჩნიე, ხელოვნური და უსიამოვნო ღიმილით ჩავიარე  კორიდორი, ერთ პატარა, მაგრამ მყუდრო მაგიდას მივუჯექი და პირველი შეხვედრისთვის მოვემზადე.

ამსტერდამში ფრენა საღამოს მქონდა ჩანიშნული; ფრენამდე კი, რამდენიმე შეხვედრაზე საინტერესო სიახლეები შევიტყვე. შევხვდი კატალისტის მხალავს, რომელიც საუკეთესოდ ათამაშებდა ყავის არომატებს, წარმოშობით კოლუმბიელი, სახელად მთლად პაბლო ესკობარ გავირია არა, მაგრამ ისე ჰგავდა, რომ გავიფიქრე კოლუმბიური კარტელის „ელ პატრონ“ რამეს ხო არ მიმზადებს ამსტერდამში გაფრენამდე-მეთქი. საკმაოდ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, ჩამიტარა ყავის მოხალვის მასტერკლასები, მანახა როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე ყავის მოსახალი აპარატები. მოკლედ რომ გითხრათ,  ამ ადამიანისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე (ყავაზე და არა კოკაინზე J ).

საინტერესო სიახლე საფირმო ყავისა და სტარბაქსის მოყვარულებისთვის. სტარბაქსმა დაიწყო სფეშიალთი ყავის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით და ლონდონში, შანხაისა და მილანში უკვე რამოდენიმე სფეშიალთი წერტილით არის წარმოდგენილი; ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე მთელი მსოფლიო გაიგებს საფირმო ყავის გემოს და რა თქმა უნდა ქართველი რაის ქართველია სტარბაქსის ჭიქით ერთი კაი ჩეკ-ინი ან სელფი რო არ მიცეს და მთლიანად მსოფლიოს შეატყობინოს, რომ მან სტარბაქსის ყავა დალია.

 

AMSTERDAM OOST! ეს ქალაქი მიყვარს-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, რამდენიმეჯერ მქონდა პატივი მომენახულებინა იგი; ალბათ იმიტომ, რომ ხალხმრავლობას და „ასმტერდამებში გუალობას“, უფრო წყნარ და კონსერვატიულ ქალაქში ცხოვრება მირჩევნია. აურაცხელი რაოდენობის ხალხი, აქა-იქ მიმოყრილი ნაგავი, დაგუბებული არხებიდან ამომავალი მჟავე შარდის სუნი, ერთის მხრივ თავისუფლება, მეორე მხრივ -კი განუკითხაობა. რენესანსის დროინდელი, უბერებელი, განუმეორებელი და დახვეწილი არქიტექტურული შედევრები კი რაღაც განსაკუთრებული ირონიით გადმოჰყურებენ ამ ყველაფერს და სდუმან (საინტერესოა რას იზამდნენ ლაპარაკი, რომ შეეძლოთ ამ შენობებს?). ზოგს აქ ნამდვილი ევროპა და თავისუფლება გონია, მაგრამ თუ ნამდვილი ევროპისა და ამ შემთხვევაში ჰოლანდიის ნახვა გსურთ, უნდა გაცდეთ ამსტერდამს, ქარის წისქვილებისა და ათასფერი ყვავილებით აჭრელებული მდელოების მიღმა ნახოთ ჰააგა, როტერდამი, ალკმაარი, აქაც მოწევთ მოსაწევს და გაერთობით სურვილისამებრ, მაგრამ სულ სხვა აურა იგრძნობა, არა ისეთი ზედმეტად კომერციული და ხელოვნური, როგორსაც დედაქალაქში ვხვდებით...

 ამსტერდამის აეროპორტში უკვე ისეთი ამბავი დამხვდა, რომ ერთი სული მქონდა, როდის გავეცლებოდი იქაურობას. ავტობუსში ავირბინე, ჩემი პატარა ჩანთა თაროზე შემოვდე და ცარიელი ადგილის ძებნა დავიწყე; ავტობუსი სავსე იყო, გაწბილებული მივედი მძღოლთან და თავაზიანად, ღიმილნარევი გამომეტყველებით ავუხსენი სიტუაცია; მძღოლი ჩაფიქრდა, ჰოლანდიურად (ჩემთვის უცნობ ენაზე) რაღაც ჩაიბურტყუნა, წამოდგა და ხელით მიმანიშნა ავტობუსის ბოლოსკენ, სადაც ალბათ ზომით ოთხჯერ ჩემზე დიდი იაპონელი ტურისტი წამოსკუპებულიყო და მისი ვეებერთელა კიდურები ჩემს სკამს მთლიანად ფარავდნენ.  ვერაფერი ავუხსენი, აზრი არ ჰქონდა. ესე გავატარე 40 წუთი ვიღაც იაპონელის კალთაში; ალბათ ძალიან კარგი სანახავი ვიქნებოდი, ერთი კი ვეხუმრე ინგლისურად, ხომ არ მიშვილებ ან ცოლად ხომ არ მომიყვან-თქო, მაგრამ რომ ვერაფერი გავაგებინე, ფარხმალი დავყარე, დავნებდი დ  ჩვილივით მივიძინე მის უკიდეგანო ხელზე.

არის რაღაცეები, რაზეც ადამიანებს ვერ დაელაპარაკები, ან უბრალოდ იმის სურვილიც არ გაქვს, რომ საკუთარ გონებაში გადახარშო არასასურველი ფიქრები. ეს ცხოვრების პატარა ნაწილაკები კი იკარგება ღრმად, სადღაც შენს ქვეცნობიერში და ფიოდორის (ჩემი ძმა და მეგობარი დოსტოევსკი) თქმის არ იყოს, ყოველთვის უადგილო მომენტში ამოტივტივდება ხოლმე. მაგრამ სწორედ მოგზაურობა, ახალი შეგრძნებები, ემოციები და ამსტერდამის ვიწრო და ქაოსური ქუჩები გავიწყებს წარსულის აჩრდილებს და შენსა და შენს წარსულს შორის ყინულის ბარიერად აღიმართება ხოლმე; ყინული კი სამწუხაროდ ძალიან მალე დნება, ადამიანი კი თავის რეალურ ცხოვრებას ამ ბარიერის დადნობისთანავე უბრუნდება.

ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ამსტერდამში; დავბოდიალობდი ქუჩებში და 1000 სისულელეზე ვფიქრობდი; როგორც კაბირია ინარჩუნებდა ცხოვრებაზე ოპტიმისტურ შეხედულებას, ისე ვუყურებდი მეც რედ ლაით დისტრიქტის მოწყენილ შუშაბანდებს; დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ფელინის რომელიმე ფილმში, მაგრამ არც მეძავი ვანდა ვარ და არც აკვედუკის ახლოს მცხოვრები ჯამბაზი. სამაგიეროდ ჩვენი ცხოვრება, ხომ ერთი დიდი ფელინის სიუჟეტია, ტრაგიკულ ფონზე, დრამატული და კომიკური ელფერით, ხოლო ყავა კი მაინც ღმერთების საყვარელი სასმელი!